სილვინიო ბოლო წლების “ბარსელონაში” ერთ–ერთი ყველაზე შეუმჩნეველი ფეხბურთლი იყო. კატალონიურ კლუბს ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა თავისი კარიერის ხუთი წელი უძღვნა. იმ დროს, როდესაც “ბარსელონა” წარმატებებს აღწევდა, სილვინიო ყოველთვის ჩრდილში იდგა და ოვაციებისგან შორს ეჭირა თავი. მაგრამ დაუშვებელია იმის თქმა, რომ ვეტერან ფეხბურთელს გუნდის წარმატებაში მცირე წვლილი მიუძღვის. ვერც იმას ვიტყვით, რომ სილვინიო ჩრდილში უთამაშებლობის გამო იდგა. მას ყოველთვის ჰქონდა თავის გამოჩენის საკმარისი შესაძლებლობა და მოედანზე გატარებული დროის განმავლობაში იგი ყოველთვის კარგად იცავდა თავს და შეტევაშიც პროდუქტიულად ერთვებოდა. იმ ხუთ წლის განმავლობაში, რომელშიც სილვიიო “ბარსელონაში” ირიცხებოდა, იგი ძირითადად სათადარიგო სკამის ფეხბურთელად მოიაზრებოდა. თავდაპირველად იგი ჯოვანი ვან ბრონხორსტის შემცვლელი იყო, შემდეგ კი მასზე წინ ერიკ აბიდალი აღმოჩნდა. ბედის ირონიაა, რომ ერიკ აბიდალის დისკვალიფიკაციამ, თავისი კატალონიური კარიერის მიწურულს სილვინიოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასპარეზობის საშუალება მისცა და “მანჩსტერის” შემტევებთან ჭიდილში ჭაღარაშეპარულმა ფეხბურთელმა თავი არ შეირცხვინა. “ბარსელონას” ფეხბურთელი სილვინიო 2004 წლის 13 ივლისს გახდა. მისი დებიუტი “ბანიოლესასთან” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ოფიციალურ შეხვედრაში კი სილვინიო “ბარსას” ფორმით 2004 წლის 11 სექტემბერს გამოვიდა მოედანზე, როდესაც კატალონიელებმა “სევილია” “კამპ ნოუზე” 2:0 დაამარცხეს. სულ “ბარსას” მაისურით სილვინიომ 128 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა. აქედან 89 მატჩი ესპანეთის ჩემპიონატზე მოდის, 18 ესპანეთის თასზე, ხოლო 17 ჩემპიონთა ლიგაზე. სამი მატჩი ბრაზილიელმა ესპანეთის სუპერთასის, ერთი კი ევროპის სუპერთასის ეგიდით გამართა. სილვინიომ “ბარსაში” თავი არა მხოლოდ როგორც შესანიშნავმა ფეხბურთელმა, არამედ როგორც გამოჩენილმა ადამინაც დაგვამახსოვრა. მან შეისწავლა კატალონიური ენა და მონაწილეობდა კლუბის მიერ გამართულ ყველა აქციაში. კატალონიური კლუბის შემადგენლობაში მან 8 ტიტული მოიგო – 2 ჩემპიონთა ლიგა; 3 ესპანეთის ჩემპიონატი; ესპანეთის თასი და 2 ესპანეთის სუპერთასი. მაგრამ რაც ყველანზე მნიშვნელოვანია, მან გულშემატკივართა პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. “ბარსელონას” თითოეულ ქომაგს ყოველთვის ემახსოვრება ის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის მზად იყო საჭიროების შემთხვევაში დახმარებოდა თავის კლუბს. 2004/05 წლების სეზონი: 24 თამაში 2005/06 – 31 თამაში 2006/07 – 21 თამაში 2007/08 – 22 თამაში 2008/09 – 30 თამაში
|